14 იანვარი 2025,   20:10
ვრცლად
18-19 იანვარს საქართველო ფარიკაობის საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

ერთ-ერთი პირველი, საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრი, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს 18-19 იანვარს, თბილისში გასამართი ფარიკაობის მსოფლიო თასი იქნება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის, საქართველოს სახელით, 8 მოფარიკავე იასპარეზებს.

შეჯიბრების პირველ დღე, გოგონათა შორის რაპირით ინდივიდუალურ ფარიკაობას დაეთმობა, 19 იანვარს კი გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ტურნირი საქართველოში ფარიკაობის პოპულარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს.

"აღნიშნული ტურნირი ხელს უწყობს საქართველოში ფარიკაობის განვითარებას, სპორტული ტურიზმის განვითარებას. ძალიან დიდ სანახაობას ველოდებით 18–19 იანვარს. საქართველოს ნაკრებიდან 8 ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს, მოსინჯავენ თავიანთ ძალებს, იხილავენ მსოფლიო ვარსკვლავებს აღნიშნულ კატეგორიაში", - განაცხადა მერაბ ბაზაძემ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურნირის ფარგლებში, ჯამში, საქართველო 250-მდე ადამიანს უმასპინძლებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. წელი დაიწყო და იუნიორების პირველი ტურნირი თბილისში ჩატარდება. დაახლოებით, 250-მდე ადამიანს ვუმასპინძლებთ. გარდა ამისა, 1-2 თებერვალს ხმლით ფარიკაობაში ვუმასპინძლებთ კიდევ იუნიორების მსოფლიო თასს", - განაცხადა ნინო ჯერენაშვილმა.

დღის ამბები