15 იანვარი 2025,   05:49
ვრცლად
"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტი არის ამერიკის შეერთებული შტატები" - ლევან სანიკიძე

პოლიტიკური შეფასებების თემაა ჯო უილსონის განცხადება. შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპს შეხვდა და მას საქართველოს შესახებ ესაუბრა.

"მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა" და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“, - წერს ჯო უილსონი.

უილსონის ეს განცხადება ოპოზიციაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა ჩაანაცვლა ჩინეთთან პარტნიორულმა ურთიერთობამ, სწორი არის ის, რასაც კონგრესმენი უილსონი აკეთებს:

"საერთაშორისო ურთიერთობებში, ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის ერთი მხრივ ინტერესები და მეორე მხრივ განგრძობითი პოლიტიკა. ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არსებობს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩინეთი არის აღქმული საფრთხე, როგორც ნატოს მხრიდან. ეკონომიკური თანამშრომლობა საერთოდ არ არის პრობლემა. მაშინ, როდესაც ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა ჩაანაცვლა ჩინეთთან პარტნიორულმა ურთიერთობამ, მაშინ აბსოლუტურად სწორი არის ის, რასაც კონგრესმენი უილსონი აკეთებს,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

შეფასებები გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობაშიც":

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ანაკლიის პორტის პროექტი, როდესაც აღმოჩნდება აშშ-ს მოწინააღმდეგის - ჩინეთის ხელში, ბუნებრივია, რომ ეს
გამოიწვევს ტრამპის ადმინისტრაციის აბსოლუტურ უკმაყოფილებას.

წარმოუდგენელია, რომ რაიმე სახით დაპირისპირებაში შევიდეთ ჩინეთთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ამერიკელი მეგობრების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე," - აღნიშნავს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.

დღის ამბები