15 იანვარი 2025,   06:12
ვრცლად
"იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ქართველი ხალხის ინტერესებიდან არის ნაკარნახები" - არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე

"ქართული ოცნების" გუნდი ყველა პარტნიორს ელაპარაკებოდა, ელაპარაკება და დაელაპარაკება სიმართლით, მხოლოდ სიმართლით და არაფრით სიმართლის გარდა," - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მისიას ყველა გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

"ჩვენ მივაწვდით იმ ინფორმაციას ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, იმ საფუძვლებთან დაკავშირებით, რომელთაც ზოგადად ჩვენი საქმიანობა არის განსაზღვრული და ეს საქმიანობა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესის შესაბამისი, ის, რაც ასე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რას ვაკეთებთ.

კიდევ ერთხელ იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი ქართველი ხალხის ინტერესებიდან არის ნაკარნახები და შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრინციპებს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფება. თანამომხსენებლებმა - კლოდ კერნიმ და ედიტ ესტრელამ შეხვედრები უკვე დაიწყეს. ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.

ამავე ინფორმაციით, ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

დღის ამბები