კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატს ისტორიაში ყველზე მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. დაზარალებული რაიონებიდან ევაკუირებულია 180 ათასი ადამიანი, კიდევ ათობით ათასი სავალდებულო ევაკუაციას ექვემდებარება. 6 დღის განმავლობაში, ცეცხლმა 16 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, გადამწვარია, 12 ათასზე მეტი შენობა ნაგებობა. ცეცხლს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობისგან დაცარიელებულ რაიონებში მაროდიორობის შემთხვევები დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, ათობით პირი აიყვანეს.
ყველაზე რთული ვითარებაა ლოს-ანჯელესთან მდებარე ქალაქ ფესიფიქ პელისეიდში, სადაც ცეცხლის 5 აქტიური კერაა. ათასობით მეხანძრე მაშველი სიტუაციის სტაბილიზებას რთული რელიეფური პირობებისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე ამ დრომდე ლოკალიზებულია ხანძრის მხოლოდ 11 პროცენტი.
სპეციალისტები სტიქიის მასშტაბების ზრდას პროგნოზირებენ. ცნობილია, რომ ქარი, რომელიც რეგიონში ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაძლიერდება და საათში 96 კილომეტრს მიაღწევს. ამის მიუხედავად, სტიქიასთან საბრძოლველად, მობილიზებულია 1 400 ერთეული სპეცტექნიკა, 84 თვითმფრინავი და 14 ათასი მეხანძრე მაშველი.
ზარალის ოდენობის სრულად დადგენა მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობისა და გამოძიების შემდეგ მოხერხდება, თუმცა, წინასწარი შეფასებით, ციფრი 150 მილიარდ დოლარს სცდება. კლიმატის გამო, კალიფორნიის შტატში ხანძარი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. სპეციალისტების შეფასებით, ის, რაც ლოს-ანჯელესში ხდება, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.