საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იმ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მას პოზიცია ჰკითხეს ომში მობილების დროს ასაკის დაწევისა და საკუთარი შვილის ომში წასვლასთან დაკავშირებით. კულებას აზრით, უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის 25-დან 18 წლამდე შემცირებას უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება.
"ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვისაც ასაკის შემცირება გაახარებდა, ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა. ძლივს დავარწმუნე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა", - თქვა ინტერვიუს დროს დმიტრო კულებამ.
უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს შალვა პაპუაშვილმა შეახსენა, რომ 2022 წელს სწორედ ის ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას, რაც, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სიტყვებით, ომში ჩართვის ტოლფასი იყო.
დმიტრო კულებას განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ოპონენტები შალვა პაპუაშვილს პოლიტიკურ მიდგომებს უწუნებენ.
უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატის მხრიდან ორმაგი სტანდარტი მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიის წევრების განმარტებით, კულებას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოდან ომში მოხალისეების არგაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო.
დმიტრო კულებამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2024 წლის სექტემბერში დატოვა. ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში თქვა, რომ ერთადერთი, რასაც 18 წლის შვილს სთხოვს, უნივერსიტეტის დამთავრებაა, რადგან უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, ფრონტის ხაზიდან დაბრუნების შემდეგ სწავლის დასრულება უკიდურესად რთული იქნება.