უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ტრამპსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგეს. ინტენსიურად მიმდინარეობს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის მომზადების პროცესიც. ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, ABC-ს ეთერში, ამ შეხვედრისთვის მზადებას ადასტურებს.
ტრამპსა და პუტინს შეხვედრის ადგილად ბელგრადს სთავაზობს სერბეთის პრეზიდენტი. ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მას შეუძლია, უზრუნველყოს პრეზიდნეტების მოლაპარაკებების უსაფრთხოების სათანადო დონე.
ტრამპის ინიციატივასა და ვუიჩიჩის შეთავაზებას უპასუხა ოფიციალურმა მოსკოვმა. კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის კონკრეტული შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური ნება არსებობს. დიმიტრი პესკოვმა ისიც თქვა, რომ მომავალი შეხვედრისას გახილვის საგანი რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება.
სამშვიდობო პერსპექტივების ირგვლივ არსებული დისკუსიის ფონზე, ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. კურსკში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი აიყვანეს. ვოლოდიმირ ზელენსკი კიმ ჩენ ინს მიმართავს და სთავაზობს მათ გაცვლას რუსეთში მყოფ უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე.
რუსეთი უკრაინას, მართვადი ავიაბომბებით და დრონებით, ყოველდღიურად ესხმის თავს. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში, ოკუპანტმა ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით 700 რაკეტა და 600 დრონი გაუშვა.