10 იანვარი 2025,   22:04
ვრცლად
"ზელენსკიმ დაუჯერა დასავლელ ბიუროკრატებს და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია, ჩვენ დავუჯერეთ ქართველ ხალხს, შედეგად მეორე ფრონტადაც არ იქცა ეს ქვეყანა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ წინ" - მამუკა მდინარაძე

"ზელენსკის ინტერვიუ, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ლუსტრაცია იყო იმ საკითხების, რაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, თანამედროვე სამყარომ, უკრაინამ გამოიარა, ამ ინტერვიუთი ბევრი რაღაც გაშიშვლდა," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს, სადაც ის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობდა.

მისი თქმით, ზელენსკიმ დაუჯერა დასავლელ ბიუროკრატებს თუ ქვეყნის ლიდერებს, რის შედეგადაც უკრაინა ფაქტობრივად განადგურდა, საქართველოს ხელისუფლება კი უჯერებს მხოლოდ ქართველ ხალხს, რამაც მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

"თავის დროზე უკრაინა ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა იყო და უსაფრთხოების სანაცვლოდ დაათმობინეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთგვარი მყარი გარანტი და უკრაინის უსაფრთხოება გაქრა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს ბევრი ჩვენგანისთვის უკითხავს - რატომ არ უჯერებთ დასავლეთს, რატომ არ უწვდით ხელს (სხვათა შორის ხელის გაწვდენას და ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელზე, მერე ჩინეთს გამოწვდილ ხელს რატომ ართმევთო და მოქნეულ ხელს რატომ არ ართმევთო, ასეთი პარადოქსული ნარატივები იყო ხოლმე), მაგრამ როგორც კი ვინმე იკითხავს, რატომ არ უჯერებთო - ვინც დაუჯერა და ვინც ენდო ამ ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბიუროკრატებს, ლიდერებს, რა მოიგეს ვნახეთ უკრაინაში.

ზელენსკიმ დაუჯერა, იმოქმედა მათთან ერთად და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ არავის დავუჯერეთ, დავუჯერეთ ქართველ ხალხს, მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, ეკონომიკაზე, რეალურ დემოკრატიაზე, ჭეშმარიტ ქრისტიანულ, ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებზე გვეზრუნა, რის შედეგადაც ფიზიკურადაც გადავრჩით, მეორე ფრონტადაც არ იქცა ეს ქვეყანა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ წინ. ეს ხომ ციფრებია, ამას ვერავინ ვერსად წაუვა. ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავედით, ამ უდიდესი ტურბულენტობის პირობებში.

დაჯერება უფრო სწორი აღმოჩნდა, თუ არდაჯერება? ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოს რასაც გვირჩევენ, ჩვენ აუცილებლად დავუჯერებთ. ნაცებს რომ უნდა გადავცეთ სასამართლო და დამოუკიდებელი რომ არ უნდა იყოს - არ ვუჯერებთ, პროექტში, სოფლის მეურნეობას ან სხვას თუ გამოადგებოდა იქ კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, მადლობასაც ვუხდიდით. ასე იქნება მომავალში, რაც საქართველოს წაადგება, იქ ვითანამშრომლებთ, მაგრამ არავის დავალებებს არ შევასრულებთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული დავალება, რეკომენდაცია, მითითება და ა.შ.", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები