ტრამპი პუტინთან შესახვედრად ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი კრემლთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების დაწყებას გეგმავს. ორმხრივი შეხვედრის პერსპექტივის შესახებ განცხადება ფლორიდაში რესპუბლიკელების შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი განმარტებით ამ ეტაპზე პროცესის მომზადება მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ რუსეთი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის წინადადებას მიესალმება. პუტინის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეხვედრისთვის პირობებს მოსკოვი არ დააყენებს და ომის დასრულების დიალოგის დასაწყებად მხოლოდ ლიდერების სურვილია საჭირო.
ვაშინგტონს და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების მიმდინარე მოსამზადებელ პროცესს ეხმაურება ოფიციალური კიევი. უკრაინის პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. გეორგი ტიხიმ თქვა, რომ დონალდ ტრამპის პუტინთან შეხვედრის შესახებ უკრაინის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და ამ საკითხში კიევის მიზანი ომის უკრაინისთვის სამართლიანი პირობებით დასრულებაა.
უკრაინაში კრემლის აგრესიის მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. რუსეთი ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. კიევში საბრძოლო დრონის აფეთქების შემდეგ მრავალსართულიანი კორპუსის რამდენიმე სართული განადგურდა.
აფეთქება იყო ხერსონშიც. ოლქში მდებარე დასახლებას რუსეთის ძალებმა მართვადი ავიაბომბი ესროლეს. დაიჭრა 4 ადამიანი. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე