კონგრესმენმა უილსონმა საქართველოში ჩინეთისა და ირანის გავლენაზე ჰადსონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოში, როგორც რეგიონული ბალანსისა და საკვანძო ფუნქციის მქონე ქვეყანაში, აშშ-მა გარე გავლენების გაძლიერება არ უნდა დაუშვას. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლორა თორნტონმაც, რომელიც საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელია.
მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ აშშ-ში ცალკეული პოლიტიკოსების უკმაყოფილება საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულმა პარტნიორობამ განაპირობა, რომელსაც აშშ მთავარ ეკონომიკურ კონკურენტად, საქართველო კი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების გარანტად მიიჩნევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არ აპირებს უარი თქვას მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ასევე არაერთ ევროპულ ქვეყანას სურს.
ჯო უილსონისა და ლორა თორნტონის განცხადებებს იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში ფიქრობენ, რომ ჩინეთი საქართველოში მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას მიესალმებიან.
დღეს, სახელისუფლებო გუნდში ჯო უილსონი და ლორა თორნტონი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ჩინეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ვიზიტები და განცხადებები, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდებოდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობით, საქართველოს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და შუა დერეფნის პროექტში, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
დონალდ ტრამპმა, ჩინეთთან თანამშრომლობის სურვილი 17 სექტემბერს, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოხატა. უკვე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინ პინი ინაუგურაციაზეც მიიპატიჟა. ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, პერუში შედგა სი ძი პინისა და ბაიდენის შეხვედრა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 23 ივლისს ეწვია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა.
28 ივლისს იტალიამ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმას, 11 სექტემბერს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ესპანეთის პრემიერი გაემგზავრა. პედრო სანჩესმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან სავაჭრო საკითხები განიხილა. 19 ოქტომბერს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე სასაუბროდ შანხაიში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ჩინეთი დიდი ბრიტანეთის მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.