დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაული უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი შეფასება მოამზადოს. საბოლოო დოკუმენტს კი საზოგადოებას კომისიის მუშაობიდან 6 თვის შემდეგ წარუდგენენ. მმართველ გუნდში ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზეც საუბრობენ. აცხადებენ, რომ საჭიროა ახალმა თაობამ იცოდეს რა ძალადობრივ ქმედებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს "ნაციონალური მოძრაობა" და როგორ ცდილობენ ახლა საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმითვე ,მათი მიზანია პროცესი გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად უზრუნველყონ საზოგადოების ჩართულობა.
"საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა" - ასე აღიქვამენ "ნაციონალურ მოძრაობაში" მათ წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
შერჩეულ დროს უწუნებენ "ქართულ ოცნებას" დანარჩენი ოპოზიციური პარტიები. კოალიციებში "ძლიერ საქართველოსა და "ცვლილებისთვის" , სადაც "ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ყოფილი წევრი და ლიდერია მიაჩნიათ, რომ ახლა ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება ყურადღების გადატანის მცდელობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ადამიანების წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ბიზნესის რეკეტსა და სხვა არაერთ შესაძლო დანაშაულზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". სავარაუდო ბრალდებების ჩამონათვალში კი განსაკუთრებულ აქცენტს 2008 წლის ომზე აკეთებენ. მმართველი პარტიაში განმარტავენ, რომ გამოძიება არცერთ სამხედროს და მეთაურს არ შეეხება. თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების არცერთი სამართლებრივი გადაცდომა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ყველა მათგანს კონკრეტული სახელი უნდა დაერქვას.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მომხდარი მოვლენების შემსწავლელი კომისია, ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. კანონმდებლები დასკვნებსა და რეკომენდაციებს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ.