უკრაინის პრეზიდენტი 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმებულ იმ მემორანდუმზე საუბრობს, რომლის ხელმომწერებიც ამერიკა, რუსეთი და ბრიტანეთი, მოგვიანებით კი ჩინეთი და საფრანგეთი გახდნენ. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინამ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ ბირთვული არსენალი დათმო. თუმცა დაპირება, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი იქნებოდა, არ შესრულდა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საუბრობს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებთან კონსულტაციები ვერ შედგა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფურცელზე დაწერილ დაპირებებს მომავალშიც ვეღარ ენდობა.
ზელენსკის ინტერვიუს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შესვლისკენ უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე მოუწყობდნენ.
უსაფრთხოების გარანტიების მიღება საპასუხო ქმედებებს მოითხოვს - ასეთია ოპოზიციის იმ ნაწილის პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას არავინ სთხოვდა.
ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ზელენსკის ინტერვიუს შინაარსშიც არ შედის და ფიქრობს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ემოციური განცხადებები გააკეთა.
რატომ იხსენებს უკრაინის პრეზიდენტი 30 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას დღეს? - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ იმის ლუსტრაციაა, თუ რა გამოიარა ბოლო წლებში უკრაინამ და მათ შორის საქართველომ. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო,და მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედა.
განცხადება, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები ვერ გახდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან გააკეთა. ამერიკელ პოდკასტერთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ შტატების მიერ გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის დახმარებიდან უკრაინამ მხოლოდ ნახევარი მიიღო და შეკითხვები კორუფციასთან დაკავშირებით ამერიკის მისამართით დასვა.