"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ოთხი ოპოზიციური პარტიისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. საზოგადოებრივი მოძრაობა სარჩელს უკვე ამზადებს. მოძრაობის დამფუძნებლები გადაწყვეტილებას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, ჯაშუშურ ქსელში ჩართვითა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით ხსნიან. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, იმ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე მიუთითებს.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ბრალდებები არასერიოზულია იმ პარტიების წარმომადგენლებისთვის, რომელთა ლიდერებს საზოგადოებრივმა მოძრაობამ კონკრეტული ბრალდებები წაუყენა.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას სახელისუფლებო გუნდისთვის ლოგიკური საფუძველი აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დასახელებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012 წლის შემდეგაც აგრძელებენ, დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიღმა კი სამართლებრივი პროცედურების დაწყებაც მისაღებია. თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ოპოზიციის ქმედებებს ხელისუფლება პოლიტიკურად ამ დრომდეც აფასებდა, სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება კი პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა.
დანაშაულებრივი სქემის გამოაშკარავების გარდა, "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივას, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების მიზნითაც ხსნის.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ოპოზიციის წინააღმდეგ, გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს.