11 იანვარი 2025,   01:10
ვრცლად
11 დაკავებულის ერთი სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი, 8 საათს გაგრძელდა

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე პირი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ადვოკატები მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პროცესზე სიტყვის უფლებით რამდენიმე ბრალდებულმა ისარგებლა. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

პროცესზე, რომელიც 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვდა.

სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის. დაცვის მხარემ მისი აცილებაც მოითხოვა, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ როგორც დარბაზში მყოფი დაკავებულების ახლობლები და მეგობრები, ასევე საქალაქო სასამართლოსთან მისული 11-ვე ბრალდებულის გულშემატკივრები. აქცია, დილიდან სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები