"2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ - პირველად თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება საქართველოში სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს ჩადიოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებს მიერ სამშობლოს ღალატის ჩადენის ფაქტს.
„სისტემურ დანაშაულს ქმნის სისტემა, რომელსაც სჭირდება შეფასება და გასამართლება. ჩვენი ვალდებულებაა ქართველი ხალხის წინაშე, რომ დავადგინოთ, ვინ შექმნა ეს სისტემა, როგორ მოქმედებდა იგი და ვინ იყვნენ უშუალო შემსრულებლები. ეს სისტემური დანაშაული მოიცავს ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ/სისტემატურ დარღვევებს სხვადასხვა სფეროში, კერძოდ: ადამიანთა სისტემატურ წამებას ციხეებსა და პოლიციაში, რაც სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით არის დადასტურებული; პოლიციის მიერ ქუჩებში განხორციელებულ ათეულობით მკვლელობას, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს ასევე არაერთი უმძიმესი განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ; საკუთრების უფლების სისტემატური და მასობრივი დარღვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებს რატომღაც უჩნდებოდათ „დაუძლეველი სურვილი“, შუაღამის სამ საათზე, ე.წ. „ღამის ნოტარიუსების“ ოფისებში ეჩუქებინათ მთელი თავისი ქონება სახელმწიფოსთვის, ხშირად თავისი ერთადერთი საცხოვრებელი ბინის დაცვით; ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიების დარბევა სპეცრაზმების საშუალებით, შემდეგ ამ ქონების მათი მფლობელებისთვის წართმევა და ხელისუფლებისთვის ლოიალურ ბიზნესმენებზე გადაფორმება და მრავალი სხვა სისტემური სახის დანაშაული.
გარდა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებისა, არის მეორე ტიპის უმძიმეს დანაშაულთა წყება, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გაერთიანდეს „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლის ქვეშ. ეს არის სს კოდექსის მუხლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ამოიღო საქართველოს კანონმდებლობიდან, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის მუხლი, რომელიც დამოკლეს მახვილივით ეკიდა მათ თავზე. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ჩვენი, „ხალხის ძალის" ინიციატივა იქნება, რომ ეს მუხლი დავაბრუნოთ სისხლის სამართლის კოდექსში.
არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ღალატის ჩადენის ფაქტს: ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საბჭოური წარმონაქმნი, მიხეილ სააკაშვილმა კი, უშუალოდ აგვისტოს ომის წინა პერიოდში დე ფაქტო აღადგინა ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრები. კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც იმ დროისთვის შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყო მცხეთა-მთიანეთისგან და შეიყვანა მის მიერვე დე ფაქტო აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფარგლებში. ამის შემდეგ, ჩაატარა აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე, თანაც ისე, რომ არ გაითვალისწინა ამ ტერიტორიაზე იმ დროისთვის არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები და ამით პრაქტიკულად მოუხაზა აგრესორს ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარა; კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, დაშალა და განაიარაღა იქ მყოფი ბატალიონი „მონადირე“, რომელიც ადგილობრივი მებრძოლებისგან შედგებოდა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. ამ ბატალიონის მებრძოლები 13 წლის განმავლობაში გმირულად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ხეობას, სააკაშვილმა კი არა მხოლოდ განაიარაღა ისინი, არამედ ბევრი მათგანი ციხეში ჩასვა, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, ზოგი კი იძულებული გახადა, ხეობას გარიდებოდა. ამის შემდეგ ხეობაში შეიყვანა იმ რაოდენობის ჯარი და შეიტანა ისეთი იარაღი, რისი უფლებაც არ გვქონდა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით და ამით ხელ-ფეხი გაუხსნა აგრესორს. როდესაც აგვისტოში დაიწყო საომარი მოქმედებები, მიხეილ სააკაშვილმა არ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს წინადადებით, რომ შეფასება მიეცა რუსეთის აგრესიისთვის. მეტიც, ხელისუფლებამ არ გააფრთხილა მოსახლეობა არც კოდორის ხეობაში, არც ცხინვალის რეგიონში და ახალგორში, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ. როდესაც კოდორიდან ჯარი გამოჰყავდათ, მოსახლეობას ეუბნებოდნენ - თქვენ აქ დარჩით არაფერი გემუქრებათო, იგივე ხდებოდა ცხინვალის რეგიონშიც. შედეგად 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა, არ გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ელოდათ, არ მიაწოდა საწვავი და ტრანსპორტი, რომ დაეტოვებინათ საომარი ტერიტორია.
კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება სააკაშვილის და მისი ღალატისა არის ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633. ეს რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ომის დამთავრებიდან 2 თვეში, 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო, როცა გორში ჯერ კიდევ რუსული ტანკები იდგნენ. ამ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა წევრმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთი კი მოპასუხის როლშია გამოყვანილი, რომელმაც, თურმე, არაპროპორციულად მკაცრი პასუხი გაგვცა; ამავე რეზოლუციით ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა დააბრალეს; დააბრალეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც აკრძალულია ჩვენს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებით და ა.შ. სხვათა შორის, იგივე წერია ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნაშიც (ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა), რომელიც სააკაშვილმა მის გამარჯვებად გამოაცხადა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის მცირე ნაწილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.