სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული დაღესტანში. რეგიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. დაღუპულთა შორის არის ერთი მღვდელიც.
შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში გუშინ სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. თითქმის პარალელურად, ცნობილი გახდა მაჰაჩყალაში საგზაო პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგო-ყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული თავდასხმის მუხლით აღძრა.
ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, დერბენტსა და მაჰაჩყალაში ლიკვიდირებულია სულ მცირე ხუთი თავდამსხმელი. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია სერგო-ყალის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია "ედინაია როსიის" ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი, მაგომედ ომაროვი.
რუსული მედიის ინფორმაციით, სწორედ ომაროვის შვილები, ასევე მისი ძმისშვილი მონაწილეობდნენ სინაგოგასა და პოლიციელებზე თავდასხმაში - ყველა მათგანი მოკლულია.