25 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ხიდი, სიმბოლურად, პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა გახსნეს.

მერიის ინფორმაციით, ეს არის თბილისში ყველაზე მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა. ხიდი 260 მეტრის სიგრძისაა. შედგება ოთხი სამოძრაო ზოლისგან, მანძილი კი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.

საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და ლედ სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმე ფენიანი საფარი, გათვალისწინებულია ველობილიკი.

მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. დასუფთავების სამუშაოები უკვე ჩატარდა. ხიდზე ავტომანქანებს მოძრაობა დღეიდან შეეძლებათ.

დღის ამბები