25 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვხედავთ პარალელებს "მაიდანთან" - მექორწილე წყვილი, ადამიანი უკრავს ფორტეპიანოზე და ა.შ. ეს ძალადობრივი აქციების შეფუთვაა - შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. პაპუაშვილის შეფასებით, ძალადობრივი პროცესების ინსპირირება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მიზანი ძალადობრივი სცენარის განვითარება და საქართველოში "მაიდანის" მსგავსი პროექტის განხორციელებაა.

"მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც "კანვასის" ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ.

ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს "მაიდანთან." მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა – იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რომლის მიზანიც, დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა. სუსი აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ იმართება. გეგმებში კი ჩართულები არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, განიხილება პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმზე იერიშის გეგმები. "აქციების ორგანიზატორები კი იყენებენ "კანვასისა" და "აკერმანის" სწავლების მეთოდებს. "დაინტერესებული მხარისგან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები