25 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"მამული, ენა, სარწმუნოება" - რა შეფასებები მოჰყვა საპატრიარქოს მხრიდან ბოლო დროის პოლიტიკურ მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

საპატრიარქო ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ჭრილში ხედავს. ვრცელ წერილში ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია ნაჩქარევმა და ემოციურმა ქმედებებმა დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში. ეკლესიის პოზიციაა, რომ ახლა ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანი სიღრმისეულ მსჯელობასა და ჯანსაღ დისკუსიაზე გადის.

სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი საპატრიარქოს განცხადებას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იცავს სიმართლეს.

საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებამ, შესაძლებელია, საზოგადოებაში უფრო მწვავე პროტესტი გამოიწვიოს.

მმართველი პარტია ოპოზიციის განცხადებებს მტრულ რიტორიკას უწოდებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ქართული ეკლესია იცავს.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საპატრიარქოს განცხადებას, ამაზე დღეს თეოლოგებიც საუბრობენ. ლევან აბაშიძე განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, საპატრიარქოს მხრიდან პოზიციის დაფიქსირება დროულია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტი, რასაც საპატრიარქო საკუთარ ვრცელ წერილში ეხება, ბოლო რამდენიმე კვირის აქტუალური საკითხებია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განახლდება, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტზე კი სახალხო განხილვები მიმდინარეობს.

დღის ამბები