25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებები - მისაღებია თუ არა ქართული ბიზნესისთვის  ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ჩანაწერი

საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებები, რომელიც ე.წ. ოფშორებიდან საქართველოში ფიზიკურ პირს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური აქტივები ერთჯერადად დაუბეგრავად შემოიტანოს, ეკონომიკურმა გუნდმა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად განიხილა.

"ბიზნესინსაიდერის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეკითხვები უშუალოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

"ეს ემსახურება ერთ მნიშვნელოვან მიზანს, რომ ის მოგება, რომელიც გენერირებულია და გენერირდება საქართველოში, შემდგომ კი უკვე გადის ქვეყნის გარეთ იქიდან გამომდინარე, რომ მათი დამფუძნებელი რეგისტრირებულნი არიან ოფშორში, ამის დაბრუნება მოხდეს საქართველოში და ის მოგება, რომელიც საქართველოში შეიქმნება დარჩეს საქართველოში და მაქსიმალურად ხელი შევიწყოთ, რომ არ გავიდეს ქვეყნის გარეთ," - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი.

"ბიზნესინსაიდერის" დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი კი აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებები, "ხელს უწყობს მეტ გამჭვირვალობას, უფრო სწორ საგადასახადო ადმინისტრირებას და აჩენს შესაძლებლობას ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის":

"ტენდენცია დღეს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ მოხდეს მაქსიმალურად კაპიტალის მოზიდვა ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. შესაბამისად, საქართველოს არსებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კაპიტალის რელოკაცია მოხდეს, ან არსებული კაპიტალის დამაგრება მოხდეს იმგვარად, რომ ის არ გავიდეს სხვა, მესამე ქვეყანაში - ეს მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ეს ხელს უწყობს მეტ გამჭვირვალობას, უფრო სწორ საგადასახადო ადმინისტრირებას და რაც მთავარია, აჩენს შესაძლებლობას ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის,"- აცხადებს "ბიზნესინსაიდერის" დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

დღის ამბები