საქალაქო სასამართლომ, როინ შავაძის საქმეზე დაკავებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი, დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, თითოეულს 16 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
"ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელი შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 16 აგვისტოს, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შავაძე მანქანით სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს და ავტომატებით ჩაცხრილეს.