25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე, - ინფორმაციას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

"ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე. "ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე", - ვკითხულობთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე.

კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

დღის ამბები