25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპონენტებს კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვისკენ მოუწოდებს - რას ამბობენ ოპოზიციაში მმართველმა გუნდის შეთავაზებაზე

"ქართული ოცნება" ოპონენტებს შინაარსობრივი განხილვისკენ მოუწოდებს. დღეს მმართველმა გუნდმა მიმართა ოპოზიციას, დაასახელოს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ერთი პუნქტი, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულ ან ამერიკულ ვერსიებში არ არის - ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ინიციატივის უკან გაწვევის პირობას დებს.

ხელისუფლების ოპონენტებს არც ამ პირობის სჯერათ და არც - კანონპროექტის ევროპულობის. მათი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზნები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

ხელისუფლების ოპონენტები შეთავაზებას უარით პასუხებს. ისინი არ აპირებენ, რომ პუნქტობრივ განხილვაში შევიდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან.

"ორი მნიშვნელოვანი არგუმენტია. პირველი - ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის გზაზე და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში. მეორე - ამ კანონთან დაკავშირებით, ცალსახა პოზიცია აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ევროპელ კოლეგებს. არანაირი განსხვავებული პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს კანონი არის რუსული და ემსახურება მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კანონი რუსულია და რუსული ვერსიიდან არის გადმოთარგმნილი.

"თავიდან ბოლომდე რუსულია. ამ კანონის ანალოგი არ არსებობს დედამიწაზე, ერთადერთი ანალოგი ეს არის პუტინის მიერ შექმნილი, რომლისგანაც არის სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნილი და გადმოკოპირებული," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

კანონის რუსულ ვერსიაზე საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდიაც.

"კანონი არის რუსული. პირველი, მეორე, მესამე მუხლი, კანონის მიზნები, რაც არის ყალბი, კანონის წრე, როდესაც იარლიყი უნდა მიაკრან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან პატრიოტები და საქართველოსთვის მსახურობენ, რომ ისინი წარმოადგენენ უცხო გავლენის ორგანიზაციას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები