25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
რატომ წაშალა "მეტამ" მმართველი გუნდის საინფორმაციო ბანერები და ვინ დგას ამის უკან

პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ "ენჯეო" სექტორის და მათთან კავშირში მყოფი პოლიტიკოსების მიზანი, გაუმჭვირვალობა და სოციალური მედიის ცენზურაა.

თამარ კინწურაშვილმა ბრალდებები უარყო. "კურიერისთვის" გამოგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებაში კი განმარტა, რომ მის ორგანიზაციას სოციალურ ქსელში "ოცნების" პოსტების დაბლოკვასთან კავშირი არ აქვს. ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ფეისბუქმა სერგი კაპანაძის ორგანიზაცია "გრასიის" სტატიის საფუძველზე მიიღო. "კურიერი" კაპანაძის "ფაქტ მეტრსაც" დაუკავშირდა, სადაც ინტერვიუსთვის საკუთარი პირობა წამოაყენეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმ სქემაზეც საუბრობენ, თუ როგორ მოხდა "ფეისბუქზე" "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბანერების დაბლოკვა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლობისტების დახმარებით საერთაშორისო ფაქტჩეკერთან არიან დაკავშირებული, რომელიც "ფეისბუქის" სათავო ოფისს აწვდის ინფორმაციას. კაპანაძისა და კინწურაშვილის ორგანიზაციების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, "ქართული ოცნების" ბანერების წაშლაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბოლქვაძეც, რომელიც "მეტას" სათავო ოფისში მუშაობს და წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერი იყო.

ნიკოლოზ ბოლქვაძე რომ "მეტას", იგივე "ფეისბუქის" თანამშრომელი და პარტნიორია, ეს მისი სოციალურ ქსელიდან დასტურდება. ბოლქვაძე ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა, რომ "ფეისბუქის" ოფიციალური "ფაქტჩეკერები" საქართველოდან "მითების დეტექტორი" და "ფაქტჩეკერი" გახდნენ. ხელისუფლების მისამართით აგრესიული რიტორიკის გარდა, ის აქტიურად წერდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მის გათავისუფლებას ითხოვდა. ბოლქვაძე გასულ წელსაც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონპროექტს და მას რუსულს უწოდებდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლქვაძეზე საუბარი არ სურთ. ოპოზიციის ნაწილი "ფეისბუქის" გადაწყვეტილებაზე კონკრეტული ძალების გავლენას გამორიცხავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა ე.წ. შავი ფულისთვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ პარტიაში ფეისბუქიდან საინფორმაციო ბანერების წაშლას.

რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს.

სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პროექტი რუსულია. კამპანიას კამპანიით უპასუხა მმართველმა გუნდმაც. საინფორმაციო ბანერებით "ოცნების" წევრები და მათი მხარდამჭერები განმარტავდნენ თუ რატომ არ არის კანონპროექტი ევროპული და არა რუსული. სწორედ ეს საპასუხო პოსტები წაიშალა სოციალურ ქსელში.

დღის ამბები