ტესტის ჩაბარება იმისთვის, რომ ქართული მართვის მოწმობა აიღოთ ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მოძრაობა ქალაქში, მანამდე თეორიული გამოცდა და საბაზისო მანევრები მოედანზე - თუ ყველა ეს საფეხური წარმატებით გადალახეთ, ნიშნავს, რომ მართვის უფლებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთის სამეფოშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ტურისტული მიზნით, სამოგზაუროდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში სარგებლობა ამ დრომდეც შესაძლებელი იყო. ამ შემთხვევაში სიახლე ეხება ესპანეთში ცხოვრების უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში გაცემულ მოწმობას ესპანურ მოწმობაში გადაცვლიან. ანალოგიური პროცედურის გავლას შეძლებენ ის ესპანელებიც, ვინც საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობს.
შეთანხმება ოფიციალურად უკვე გაფორმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა ესპანელმა კოლეგამ მადრიდში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას გულისხმობს.
შეთანხმება მართვის მოწმობის გადაცვლის წესს სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებულად ადგენს. მსურველებს თეორიული გამოცდის ხელახლა ჩაბარება არცერთ შემთხვევაში მოუწევთ.
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან მიღწევად აფასებენ ქართველი კანონმდებლები. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს რომ ეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშესახები შედეგია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკითხზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი ქართული დოკუმენტების ცნობისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.
ესპანეთსა და საქართველოს შორის, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მუშაობა და ორმხრივი ვიზიტები. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, რუსთავში პირადად სტუმრობდა მომსახურების სააგენტოს, სადაც სხვა სერვისებთან ერთად, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის სტანდარტები დეტალურად გააცნეს. ამ თანამშრომლობის შედეგი უკვე ოფიციალურად არის მიღწეული. მის ძალაში შესასვლელად, ახლა გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გავლა რჩება. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება.