29 მარტი 2025,   16:37
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე: "სააკაშვილისა და პუტინის ბოლო შეხვედრაზე, პუტინმა თქვა - ჩვენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას თქვენს ხარჯზე ვუპასუხებთ, ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალიაო"

5 საათია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ. კომისიის წევრების შეკითხვებს მიხეილ ქარელმა და გრიგოლ ვაშაძემ უპასუხეს.

"კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე თქვენ ბრძანეთ, რომ 2008 წლის თებერვალში ჩვენ გვითხრესო და ეს მაინტერესებს ვინ გითხრათ, რომ კოსოვოს სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთი აპირებს სამაგიეროს გადახდას, რა გითხრეს და რა იცოდით, რას აპირებდა რუსეთი?" - ამ კითხვით 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, გრიგოლ ვაშაძეს მიმართა.

2008 წლის თებერვალ-ნოემბერში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლამდე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

"ეს იყო 21 თებერვალს, პრეზიდენტ სააკაშვილისა და პუტინის ბოლო შეხვედრა, როდესაც მან თქვა - ჩვენ ადეკვატურად, თქვენს ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალია. შემდეგ მან დაამატა - არაფერი კომპრომისის გამომუშავება არ შეიძლება არაფრის ხარჯზე, მათ შორის, NATO-ს ხარჯზე, რადგან თქვენი ნების წინააღმდეგ შეგათრევენ NATO-ში, დააყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას," - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანის დასმულ შეკითხვას.

დღის ამბები