
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დარბაზში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადა და ეროვნული გვარდია დაუპირისპირდა, სადაც გამარჯვება ეროვნულმა გვარდიამ მოიპოვა, მესამე ადგილზე კი, მე-4 ქვეითი ბრიგადა გავიდა.
ფინალურ თამაშს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, თავდაცვის ძალების და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირის ფარგლებში ინდივიდუალურ და გუნდურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და მათ შესაბამისი მედლები გადაეცათ. გამარჯვებულმა გუნდმა კი, გუნდური თასიც მოიპოვა. ფრენბურთის ტურნირი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებიდან 10 გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სპორტული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მზადყოფნის გაუმჯობესებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას უწყობს ხელს.