
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი კანონდარღვევაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა გადაცდომას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"ამ ადამიანებმა საჯაროდ უარი განაცხადეს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, რაც არის კანონდარღვევა და პირდაპირ უპატივცემლობა საზოგადოების. ეს საგამოძიებო კომისია არ არის უბრალოდ პრინციპის საგანი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რადგან იმ პერიოდთან დაკავშირებით არის უამრავი კითხვა საზოგადოებაში, რასაც სჭირდება პასუხები.
თუ არ აპირებენ თანამშრომლობას, ამას აქვს თავისი სამართლებრივი რეაგირება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება თითოეული ამ ადამიანის მიმართ," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი
საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა რამდენიმე ადამიანი და, მათ შორის, "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, მათი საქმე პროკურატურას გადაეცა.