
თუ ხაზარაძის და ჯაფარიძის ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ისინი წარსულშიც ცდილობდნენ პოლიტიკოსის მანტია მოესხათ და ასე გაიქცეოდნენ მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი კანონდარღვევაა. შესაბამისად, ჭეიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაცდომას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და საქართველოში სამართლის წინაშე ყველა არის თანასწორი, მიუხედავად მისი სტატუსისა და მიუხედავად იმისა, კონკრეტული პირები, არიან თუ არა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული. თუმცა, მეორე მხრივ, თუ გადავავლებთ თვალს მათ ბიოგრაფიას - ხაზარაძის, ჯაფარიძის - დავინახავთ, რომ ისინი წარსულშიც ცდილობდნენ პოლიტიკოსის მანტია მოესხათ და ასე გაქცეოდნენ მართლმსაჯულებას, რაც არც წარსულში გამოუვიდათ და ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები ვფიქრობ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საკითხთან დაკავშირებით დადგინდეს ჭეშმარიტება და იმ ქმედებას და ფაქტს, რაც ჩვენ ვიხილეთ მათი დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლით, თავის მხრივ ექნება სათანადო, სამართლებრივი კვალიფიკაცია," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.