
რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე - ეს არის კითხვა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს. ბოლო სამი დღეა, კომისია ყოფილ პოლიტიკოსებს და ყოფილ სამხედროებს უსმენს, ისმევა ყველა კითხვა, მათ შორის - ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ მაშინდელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საგამოძიებო კომისია კი, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება:
"ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია ამ პროცესის შესწავლას გააგრძელებს. რაც შეეხება აგვისტოს ომის საკითხებს, აქ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია - რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა სამართლებრივ ომს რუსეთის წინააღმდეგ და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი და მათ აქვთ უფლება რომ გაიგოს საკუთარმა ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აცილებული ყოფილიყო. საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას. ეს კითხვები არსებობს და ამას სჭირდება საფუძვლიანი პასუხები,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.