
გიორგი ვაშაძის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები და, ასევე, განმარტებები "სტრატეგია აღმაშენებელში." პაატა მანგალაძის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დადიან, "აპოლიტიკურები ვერ იქნებიან, რადგან იბრძვიან ქვეყნის ინტერესებისთვის".
"აპოლიტიკური ადამიანი არ მონაწილეობს პროცესი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, არ შეიძლება დავარქვათ აპოლიტიკური. 120 დღეზე მეტი ადამიანი რომ არის ქუჩაში, მას ვერ დავარქმევთ აპოლიტიკურს, ამაზეა ლაპარაკი. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები, მაგრამ მიზნები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქვთ, რომ საქართველო იყოს უფრო დაცული, უფრო ძლიერი," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანგალაძემ.
ამასთან შეფასებები გაკეთდა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაშიც." პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "ოპოზიციურ აქციებზე ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებიც დადიან."
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში "ორ ცეცხლს შუა" სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.