
ქართული საბანკო სისტემა უცხოური ინვესტიციებისთვის საკმაოდ ღიაა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ სიხარულიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
„შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ჩინურ მხარესთან, როგორც კომერციული ბანკების კუთხით, ასევე ცენტრალური ბანკის ჭრილში. ქართული საბანკო სისტემა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის და, ბუნებრივია, ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანას“, - განაცხადა სიხარულიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.