
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ცხინვალის რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების თაობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება და გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია.
"ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციას დაექვემდებარა. ამის შემდეგ ფაქტობრივად პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი ცხინვალის რეგიონია. ცხინვალის რეგიონში რას გულისხმობდა კონკრეტულად ჩემთვის არ იყო ცნობილი.
ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია.
შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს გადაწყვეტილება თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარისგან. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული და უცხო არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არც სასურველია და არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ეს დადებითი პროცესი იყო, პირიქით, ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე ფაქტობრივად შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ჭადრაკში ცუგ-ცვანგის პრინციპია, ნებისმიერი ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენ მდგომარეობას. ასეთი სიტუაცია შეიქმნა და ფაქტობრივად გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია ამ ჯარების განთავსებამ", - განაცხადა მიხეილ ქარელმა.