
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს - ჯეი დი ვენსის განცხადებებს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ "დანიამ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადო გრენლანდიის უსაფრთხოების არქიტექტურაში."
როგორც ფრედერიქსენი აცხადებს, უსაფრთხოების საკითხზე დანია მზადაა "დღე და ღამე ითანამშრომლოს ამერიკელებთან".
"წლების განმავლობაში ძალიან რთულ სიტუაციებში ამერიკელებთან მხარდამხარ ვიდექით. ამიტომ, ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიის შესახებ გაკეთებული განცხადება სამართლიანად არ ასახავს ჩვენს ურთიერთობას.
თუმცა, სწორია, რომ არქტიკის უსაფრთხოება უფრო მაღალ პრიორიტეტად უნდა იქცეს.
სწორედ ამიტომ აძლიერებს დანია ახლა თავის ძალისხმევას, მათ შორის, გაზრდილი მეთვალყურეობით, ახალი არქტიკული გემებით, შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და სატელიტური შესაძლებლობებით. მოგვიანებით კიდევ მეტი შესაძლებლობა დაემატება. ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოება უფრო სწრაფად გავაძლიეროთ, თუ საჭირო მიწოდებას, მათ შორის აშშ-დან მივიღებთ.
გრენლანდია ნატოს ნაწილია, და ამიტომ აუცილებელია, რომ ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ყოფნა არქტიკაში.
არქტიკის უსაფრთხოება ნატოსა და ყველა არქტიკული მოკავშირის საზრუნავია.
ჩვენ მზად ვართ დღე და ღამე ამერიკელებთან თანამშრომლობისთვის. ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს აუცილებელ საერთაშორისო წესებს და ნატოს ალიანსის ყველა ნაწილის გაძლიერებულ დაცვას," - აცხადებს დანიის პრემიერ-მინისტრი.