29 მარტი 2025,   15:13
ვრცლად
სოზარ სუბარი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე შეტევა დაწყებული იყო, ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა, 80-მდე ადამიანი მოკლულია მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დროული გაფრთხილება არ მოხდა

ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო [როკის] გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა დროულად არ იყო გაფრთხილებული, 80-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სუბარი დაინტერესდა, თუ იმსჯელა პაატა დავითაიას მიერ, 2008 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ პასუხისმგებელ პირებზე და იმაზე, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა.

"მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება, 80-მდე კაცი იმის შემდგომ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც, ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალების და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, თუ იმსჯელეთ?" - მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

დღის ამბები