
"ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, უტყუარად არის დადგენილი, რომ სააკაშვილმა, საკუთარი სიამოვნებისთვის, "ბიუჯეტს 9 მილიონი მოჰპარა".
"მხოლოდ ამ ერთი განაჩენით უტყუარად არის დადგენილი, რომ 9 მილიონი ლარი ბიუჯეტს მოჰპარა სააკაშვილმა პირადი სიამოვნებისთვის. გასახსენებლადაც ძნელია, როდესაც იხსენებ, რომ აგვისტოს ომიდან ორ კვირაში, სააკაშვილმა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანათ მასაჟისტი, რომელიც რაღაც კბენით მასაჟებს უტარებდა - ასეთ სისულელეებში ხარჯავდა ხალხის ფულს. ეს მხოლოდ ბიუჯეტის თვითნებურად ხარჯვა კი არა, ეს არის ღალატი და სირცხვილი ქვეყნის წინაშე, ამიტომ, ცხადია, მან პასუხი უნდა აგოს არამარტო ამ, არამედ სხვა ბევრი დანაშაულისთვისაც," - აცხადებს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.