
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩადიან. უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთში დაგეგმილი შეხვედრების დეტალები უცნობია, თუმცა, რამდენიმე საათის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ არ გამორიცხა, რომ "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი უახლოეს დღეებში შედგეს".
ამას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება ამერიკული დელეგაციის რუსეთში გამგზავრების შესახებ. ოვალურ კაბინეტში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება "დამანგრეველი" სანქციები იყოს გამოყენებული, თუმცა, ამ ეტაპზე, მისი პრიორიტეტი მშვიდობის მიღწევაა.
აქვე, ტრამპმა ახსენა საქართველოც. მისი თქმით, ბუშისგან რუსეთმა საქართველო აიღო, ობამასგან - ყირიმი, ბაიდენისგან მთლიანად ყველაფრის მიღება სცადეს და მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვისგანაც რუსებმა ვერაფერი წაიღეს.