
სტუდენტს, დღეს, არ მიეწოდება სათანადო განათლება და ჩვენ, 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი, ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალური განხილვა და გამოიკვეთა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები.
"დღეს გვქონდა უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალური განხილვა და გამოიკვეთა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ კონცეფციის შემუშავებას, მომზადებას და შემდეგ უკვე გვინდა, დავიწყოთ ფართო განხილვა საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბუნებრივია, პირველ რიგში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. გვინდა, ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართოს ეს პროცესი, რადგან დასაკარგი დრო, ნამდვილად, არ გვაქვს. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც გვქონდა გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები, შედარებით არსებითი ფორმით და მოცულობით, ეს იყო განათლების სისტემა, ეს შეგვიძლია ვაღიაროთ. ამიტომ, ახლა აღარ უნდა დავკარგოთ დრო და მაქსიმალურად მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების რადიკალურად გასაუმჯობესებლად. საერთო სურათი რაც არის ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, არის პრობლემები ყველა მიმართულებით. როცა ვსაუბრობთ უნივერსიტეტებზე, უმაღლეს განათლებაზე. დავიწყებ ინფრასტრუქტურით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.არც სასწავლო კუთხით, არც სტუდენტების ინტერესების რეალიზების კუთხით, მათ შორის, იგივე სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. გვინდა, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა. საერთო საცხოვრებლები არის ასევე სერიოზული პრობლემა, გვინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ეს ვითარება, 3 წლის თავზე", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი საკითხია პრობლემები სწავლების შინაარსის ნაწილში.
"სასწავლო პროგრამები უმეტესი მიმართულებით არის არსებითად დასახვეწი. საკადრო საკითხები არის სხვანაირად მოსაწესრიგებელი. სისტემაც კი არ არის სწორად ჩამოყალიბებული. მოგეხსენებათ, მე, მაგალითად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე ვიყავი იურიდიულ ფაკულტეტზე, რასაც ვხედავთ, დღეს, სისტემაში არის რა, რომ როგორც წესი, არ გვყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რაც სერიოზული პრობლემაა. თითქმის არავითარი კავშირი არ არსებობს სწავლებასა და კვლევას შორის, ძალიან სუსტია, უფრო სწორად, ეს კავშირი. არ გვაქვს ძირითად საგნებშიც კი სახელმძღვანელოები. საუბარია ძირითად, საბაზისო საგნებზე, აღარაფერს ვამბობ არჩევითებზე. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. შრომის ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი. შეიძლება მრავალი კუთხით, საკადრო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც თვისებრივად გააუმჯობესებს სწავლების საკითხს. უამრავი საკითხია, რასაც ვეხებით. ჩვენ გვინდა, რომ 3 წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე, მივიღოთ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სრულიად განსხვავებული სისტემა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზრდილი ანაზღაურება უმაღლესი განათლების სფეროში და, რა თქმა უნდა, მთავარი ორიენტირი არის სტუდენტი. სტუდენტს, დღეს, არ მიეწოდება სათანადო განათლება და ჩვენ, 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. თავისუფლად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, ეს არის საუნივერსიტეტო რეფორმის ამბიციური მიზანი - სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა და ა.შ. ამ ყველაფერზე იქნება აგებული რეფორმის კონცეფცია. რეფორმა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, ბევრი მიმართულებით შეიძლება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც შეეხება გამოცდების სისტემას, იქაც შეიძლება მსჯელობის გაგრძელება. ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ბევრი მიმართულებით არსებობს სივრცე. დღეს სისტემა ვერ მუშაობს, სამწუხაროდ, გამართულად და, პირველ რიგში, მთავარი შედეგი არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ სათანადო ხარისხის განათლებას. საშუალო მოცემულობა საკმაოდ არასახარბიელოა და შეგვიძლია, ეს ყველაფერი რადიკალურად შევცვალოთ ოთხი წლის თავზე, 2028 წლის ბოლომდე", - განაცხადა პრემიერმა.