ჩეხეთი სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელს. სიაში მოხვდნენ საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზაშვილი და მისი მოადგილე, მირზა კეზევაძე. საქართველოში ჩეხეთის ელჩის ინფორმაციით, სანქციებს გასული წლის საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობის გამო აწესებენ.
გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში."
"გრძელდება უსამართლობის სერია. როდესაც ისინი საუბრობენ აქციების ჩახშობაზე, რატომღაც არავინ, არცერთი ეს ქვეყანა, არცერთი მათი ელჩი და, ზოგადად, ეს დიპლომატიური კორპუსი არ საუბრობს იმ პირველ ერთ კვირაზე, როდესაც ჩვენ, რომელი არხიც არ უნდა გადაგვერთო, ერთი და იმავე სურათს ვხედავდით ტელევიზორში. იქ იყო ხალხი და მრავლად იყვნენ ასეთი მოქალაქეები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის იყვნენ მისულები, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ იყო ძალიან დიდი ჯგუფი რადიკალების, ვინც პირველი ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდა შეტევას პარლამენტზე, პოლიციელებზე, შეურაცხყოფდნენ მათ უშვერი სიტყვებით, ესროდნენ პიროტექნიკას, ბოთლებს, ეს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ამ ყველაფერს უწოდებდნენ, რომ მშვიდობიანი აქციები იყო," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.