ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ხვალ არის დაგეგმილი ოპოზიციის მოსმენა.
"ქართულ ოცნებას" პროდუქტიული შეხვედრის მოლოდინი აქვს - გეგმავენ საუბრის დროს ყურადღება დაუთმონ იმ ნაბიჯებს, რაც მათივე თქმით, ევრო ინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა.
"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის ერთგვარი გაგრძელება, რადგან მაშინაც პრემიერთან შეთანხმდნენ, რომ ეს ვიზიტი შედგებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, შეხვდებიან ხელისუფლებას და სრული სურათი ექნებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ მათ მივაწვდით სიმართლეს და დეტალურ ინფორმაციას. ამიტომ დაველოდოთ ვიზიტის დასრულებას და მის შედეგებს,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.
დელეგაციამ ვიზიტი გუშინ მესამე სექტორთან საუბრით დაიწყო - ევროსაბჭომ პრესრელიზი წინასწარ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც ასამბლეის წევრები შეხვდებიან.