დილიდან გიორგი გახარიას გუნდელები აცხადებდნენ, რომ მათ ლიდერს სასტუმროში მისვლისთანავე, ათი პირი დაესხა თავს. ინციდენტი გუშინ ღამე მოხდა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა- მან სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა. დღეს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა მასალა, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი იწყება გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით.
ინციდენტთან დაკავშირებით, "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი "გიორგი გახარიას ზნეობას აჩვენებს":
"ეს ფაქტი რაც მოხდა, აჩვენებს მის ზნეობას თუ გააჩნია საერთოდ და რა თქმა უნდა, არ გააჩნია, მაგრამ საზოგადოებისთვის, ეს მის ზნეობას აჩვენებს. გამომდინარე აქედან, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გახარია არის უფრო მეტად მოღალატე, ვიდრე კოლექტიური "ნაცმოძრაობა". იმის შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თურმე პოლიციელს რომ დაარტყა ხელი, ეს არაფერია და არის გამოხატვის თავისუფლება, ამის შემდეგ, კომენტარიც კი ზედმეტია იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.