ბათუმში გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ მოკვლევა ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა თავად გიორგი გახარიამაც.
"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით," - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.
გარდა ამისა, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე აცხადებს, დაპირისპირება, მისი ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
"ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა, დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი. მე არ მისაუბრია ჩვენს თანაგუნდელებთან, მეც ველოდები გამოძიების შედეგებს. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა მედიაში, მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს თავს გვიან ღამით ბათუმის ერთ ერთ სასტუმროში დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას ქართული ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მან კლინიკა უკვე დატოვა.