25 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს, სანქციები მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით დაუწესა. დაწესებული სანქციების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმაც ისაუბრა.

"შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს საქართველოს მთავრობის ორი თანამდებობის პირის და მოძალადე ექსტრემისტული ჯგუფის ორი ლიდერის წინააღმდეგ. უწესებს სავიზო შეზღუდვებს საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციაში ან სხვა ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

ჩვენი ეს ქმედებები არის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის, ჩვენი მუდმივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი.

საქართველოს მთავრობას შეუძლია დაადასტუროს საკუთარი ერთგულება ევროატლანტიკური ტრაექტორიისადმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის და რეფორმების დემონსტრირებით", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები