25 ნოემბერი 2024,   11:05
ვრცლად
მინდა, ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომელიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, ამას გავაკეთებ - ლაშა ბექაური

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს, ძიუდოისტი ლაშა ბექაური წარადგენს. წინა ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა, ახლა კი ნახევარფინალში ბრძოლას განაგრძობს.

სპორტსმენმა, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე "რუსთავი 2-თან" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აცხადებს, რომ წინა ოლიმპიადიდან დღემდე ძალიან გაზიარდა, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, შესაბამისად ახლა უფრო მზად არის ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, ვიდრე წინა შეჯიბრზე იყო.

"ვფიქრობ, რომ უფრო გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ძიუდოისტი. ახლა უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვარ ძიუდოში. ვფიქრობ, უფრო მეტად მზად ვარ ოლიმპიური თამაშებისთვის და გამარჯვებისთვის," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

სპორტსმენი აღნიშვნას, რომ წინა ოლიმპიადაზე მძიმე ტრავმით მოუწია ასპარეზობა, თუმცა ფიქრობს, თუ მიზანი დიდია, მაშინ დაბრკოლება მოცემულობად უნდა მიიღო და სწორედ ამ მოცემულობით უნდა იბრძოლო.

"ძალიან რთული ტრავმით მომიწია ასპარეზობა წინა ოლიმპიადაზე. გადასალახი მქონდა ეს ყველაფერი ჩემს თავში. რა მოცემულობაც მქონდა ის მივიღე და სადაც ვიყავი იმით შევეცადე, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ცხოვრებაში. შეიძლება რაღაც დაბრკოლებას შეხვდე, მაგრამ მიზეზებს არ უნდა დაუწყო ძებნა, რა მოცემულობაც გაქვს იმით უნდა ეცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, არსებული ტრავმით ასპარეზობა, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო.

"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემ კარიერაში. ვფიქრობდი, როგორ შევძელი ასეთ მხრით ოლიმპიური ჩემპიონობა. შევძელით იმ ეტაპამდე მიგვეყვანა ეს ხელი, რომ ელემენტარული ხელის ჩაჭიდება შემძლებოდა," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ განვლილმა პერიოდმა მასში დიდ ცვლილება გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, დიდი ცვლილება მოახდინა ჩემს მენტალობაში. ადამიანის სურვილი თუ ძალიან დიდია, შეიძლება დაბრკოლება არც არსებობდეს, მთავარია რამდენად გულით გინდა და აუცილებლად მიაღწევ," - აღნიშნავს ბექაური.

ძიუდოისტი წინა ოლიმპიადაზე გამარჯვებასა და იმ შეგრძნებებსაც იხსენებს, რომელიც განიცადა.

"საოცრება იყო. იმ მომენტში, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, თითქოს ღმერთთან რჩები მარტო. იმხელა მწვერვალია, რომ ყველაფერი რაც გამოიარე, რა ფიქრებიც გქონდა, რამდენი შრომაც ჩადე, ამ ყველაფერს აანალიზებ და თითქოს ღმერთთან საუბრობ - შეძელი ეს ყველაფერი. საოცარი გრძნობაა. დიდია ჩემთვის ქართული ჰიმნი, როცა ვიცი ჩემი გულშემატკივარი ბედნიერია, ეს განსხვავებული და ამაღელვებელი გრძნობაა," - განაცხადა ბექაურმა.

სპორტსმენი მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მწვერვალებისკენ სვლას განაგრძობს.

"ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ გაჩერდე და რაღაც ელემენტარულს დაკმაყოფილდე. ვიცი, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება და მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაციის მიცემა შემიძლია. მინდა, რომ ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომელიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, რომ ამას გავაკეთებ," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

ბექაური თბილისში გრანდ სლემის ორგზის გამარჯვებასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიღწევა სრულიად სხვა შეგრძნებაა.

" გამოვარჩევ თბილისის გრანდ სლემს იმიტომ, რომ ჩვენს კედლებში სხვანაირი ემოციაა. არიან ადამიანები, რომლებიც ითრგუნებიან თავის ქვეყნებში ასპარეზობით, მაგრამ მე პირიქით ვარ, უფრო დიდი მოტივაცია მეძლევა. ჩემ ხალხთან სხვა ემოციებით ვარ ხოლმე. აქ გამარჯვება უფრო მეტი სიხარულია," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მის ოჯახს თავის წარმატებაში ძალია დიდი წვლილი მიუძღვის.

"უდიდესი როლი აქვს ჩემს ოჯახს ჩემს წარმატებაში იმიტომ, რომ მთლიანად ჩემზე არიან მორგებულნი და კონცენტრირებულნი, რომ ვიყო წარმატებული," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

გარდა ამისა, ბექაური თანაგუნდელებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ყოველდღიური ვარჯიში მეტ მოტივაციას აძლევს.

"დიდი რაღაც არის ჩემთვის, როცა გუნდში ტიტულიანი სპორტსმენები გვყავს. მათი ვარჯიში ჩემთვის მოტივაცია არის. როცა ვუყურებ, რომ ასე იხარჯებიან, ამხელა შედეგების შემდეგაც მოტივირებულები არიან ბიჭები და ბოლომდე შრომობენ მიზნებისთვის, რაც აქვთ დასახული. რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყოველდღე რაღაცას ვიღებ მათგან, ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ. გუნდური ასპარეზობის ლიცენზიაც მოვიპოვეთ და ოქროს შევუტევთ ოლიმპიადაზე,"- განაცხადა ლაშა ბექაურმა.

კითხვაზე, რას გააკეთებს ბექაური იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვებს, სპორტსმენი აცხადებს, რომ ყველაფერს.

"ოლიმპიადა ისეთი თემაა იქ ხასიათი და სურვილი იგებს. შეიძლება ვიღაცამ შეგისწავლოს, მაგრამ იქ მაინც დათრგუნო შენი მოტივირებულობით.

ვფიქრობ, რომ ყველანაირად მზად ვარ. ყველა შეკრება კარგად გავიარე და იმ კონდიციაში ვიქნები, რომ ჩემს მებრძოლ ხასიათს ჩემი ფიზიკური მონაცემებიც შეერწყას და ხელი შეუწყოს. ვნახოთ, ვფიქრობ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი მაგრად იქნება და შევძლებ," - განაცხადა ბექაურმა.

ძიუდოისტი აქვე აღნიშნავს, რომ გამარჯვება მარტივი არ იქნება, რადგან საუკეთესო სპორტსმენებთან მოუწევს შეჯიბრი.

"ოლიმპიადაზე ქვეყნიდან ერთი ადამიანი მოდის ერთ წონაში. ე.ი. ყველა ძლიერია, ყველა ბრძოლა ისე უნდა შეაფასო, როგორც გადამწყვეტი ბრძოლა. რთული იქნება, მაგრამ ქართველები რაღაცით ყველას ვჯობივართ," - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ბექაური აცხადებს, რომ როცა ხალხის სიყვარულს გრძნობს, მაშინ ხვდება, რომ შრომა დაუფასდა:

"ადამიანი ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე და ყველაზე დიდი დაფასება ის არის, რომ შენ ხალხს უყვარდე, ბავშვები ბედნიერები იყვნენ შენი დანახვის დროს. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი დაფასებაა. ხალხს ვუყვარვარ და ჩემი სოფლისთვის, სადაც გავიზარდე, შემიძლია, რომ რაღაც გავაკეთო, თუნდაც დარბაზი, რომელიც დასრულდება ახლა და ახალგაზრდა ძიუდოისტები გაიზრდებიან, იტყვიან, რომ ჩემი სოფლიდან არიან. ეს ყველაფერი არის ჩემთვის დაფასება და ამ ყველაფერს მივაღწიე. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ," - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

დღის ამბები