საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არავინ ინტერესდება იმ საკითხით, სასამართლომ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა.
მდინარაძის თქმით, ყველამ უნდა ჩაიხედოს, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნები.
"მაქსიმალურად ნეიტრალური ვიქნები – მთავარია, კანონიერი იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ კანონიერი იყო და საფუძველი ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველანი, მათ შორის ნაცმედია, იტყუებიან. სუბიექტური და არაკანონიერი თუ იყო, თუ არარეალური მიზეზები მოიტანა სამოტივაციო ნაწილში, მაშინ სხვა რამესთან გვაქვს საქმე და რაღაც ნაწილში, შეიძლება, მართლები იყვნენ. არავინ ინტერესდება იმით, რა წერია, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. თუ არსებობს არგუმენტები და კანონიერი არის თავად გადაწყვეტილება წიქარიშვილის საქმეზე, მაშინ თქვენი ნარატივი ტყუილია. თუ არ არის ასე, მაშინ, შეიძლება, რაღაც სიმართლესთან იყოს, რასაც ნაცმედია ორი დღის განმავლობაში ახმოვანებს. დავინტერესდეთ, ესენი ამბობენ, რომ რაღაც კლანია და იჩაგრება წიქარიშვილი, სხვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეუძლებელია, სხვა სისტემაა და სასამართლო დამოუკიდებელი, თავისუფალი და ობიექტურია. რომელიღაც ხომ ტყუის? ვნახოთ, გადაწყვეტილებაში რა წერია, ვიღაცამ გაამხილოს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ. თუ ობიექტური იქნება, მაშინ ესენი ყველაფერს იტყუებიან და საზოგადოებისთვისაც დასკვნა მარტივი," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.