ამბავი სასოწარკვეთილ ექიმზე საუკუნეს ითვლის. კოტე მარჯანიშვილის მიერ გადაღებული დრამა - "ამოკი’’ სვანეთის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მონაწილეა.
რიგით მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნა. მესტიაში, სეტის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება გაიმართა. ღონისძიების პირველი ნაწილი სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს დაეთმო.
40-მდე სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი, 17 საკონკურსო ნამუშევარი. კინოფესტივალზე, საერთაშორისო ჟიური, 2 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს. ღონისძიების ორგანიზატორებს არც პატარა მაყურებელი გამორჩენიათ, სპეციალურად მათთვის, ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო.
საერთაშორისო ჟიური, მოწვეული უცხოელი რეჟისორები და მსოფლიო კინოინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი - ღონისძიება მაღალი დონის პროფესიონალებს მასპინძლობს.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 4 წლის წინ დაარსდა. ღონისძიება წელს მასშტაბურად აღინიშნება. ფესტივალმა სტარტი დღეიდან აიღო და 21 ივლისს დასრულდება.