25 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ქართველი ფორვარდი ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა - გიორგი მიქაუტაძე 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებში დაასახელეს

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მოიგო.

ფეხბურთელმა ისეთივე შედეგი დააფიქსირა, როგორიც ჰარი კეინმა, დანი ოლმომ და სხვა ვარსკვლავებმა. გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი. საქართველოს ნაკრების მეკარემ ბურთი 29-ჯერ მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილოსანს თითქმის ორჯერ აჯობა.

საფეხბურთო ზეიმი დასრულდა. ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი გამოდგა, ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ტურნირი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. სწორედ იმ ნაკრებმა, რომელმაც საქართველოს მერვედფინალში აჯობა. ჩვენს ნაკრებს წარმატების გზაზე, მხოლოდ ჩემპიონმა მოუგო.

ფინალი დაძაბული გამოვიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანეთმა ანგარიში გახსნა. ნიკო უილიამსმა მორიგი გოლის გატანა შეძლო. ტაიმის შუაში ინგლისმა პალმერის შორეული დარტყმით გაათანაბრა. მატჩში წერტილი კი - მიკელ ოიარსაბალმა დასვა 2-1. ესპანეთი ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა.

ინგლისის ნაკრების წარუმატებლობის ისტორია გრძელდება. მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, "სამშობლოში ფეხბურთი" არც ამჯერად დაბრუნდა. ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

ისტორიული ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ახალი სანაკრებო ციკლი და მორიგი მცდელობა დიდ ტურნირზე მოსახვედრად, სექტემბერში დაიწყება. ჩვენი ნაკრები ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის წინააღმდეგ შედგება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.

დღის ამბები