25 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის, ამიტომ ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ელჩის განცხადება - შალვა პაპუაშვილი

"არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს განცხადება," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და საფრანგეთიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ ირიცხება.

ასევე, პაპუაშვილის თქმით, ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა თუ გადაინაცვლებს არასამთავრობო სექტორში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფულის უკან დგას ინტერესი და "წავა იქ, სადაც შესრულდება ეს ინტერესი".

"რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ჯარს მოაკლდება ჯარისთვის განსაზღვრული თანხა, თუ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს ენჯეოსექტორში, ეს აჩვენებს პირდაპირ, საერთო ჯამში, რაც ხდება. სადაც ფიქრობენ, ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. ჩათვალეს, რომ შესაძლოა, საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, ფული გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესებს მიეცა ახლა თავის კალაპოტი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ქვეყანა საქართველოს დროებით დახმარებას უჩერებს. დიპლომატის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საფრანგეთი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარებას.

დღის ამბები