საფრანგეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა, შესაძლოა ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვონ. იმ შემთხვევაში, თუ მარი ლე პენის პარტია გაიმარჯვებს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 28 წლის ულტრამემარჯვენე ჟორდან ბარდელა გახდება.
იმ შემთხვევაში, თუ ლე პენის პარტია მთავრობის უმრავლესობით ფორმირებას შეძლებს, ბარდელა პრემიერ-მინისტრის პოსტზე საიმიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებს, დევნილებს სოციალურ დახმარებას შეუმცირებს და აკრძალავს სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობებზე იმ ადამიანების დანიშვნას, ვინც საფრანგეთში არ დაიბადა. საფრანგეთის მოქმედი პრემიერის განცხადებით, ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდნენ.
საფრანგეთის დედაქალაქი პროტესტმა მოიცვა. პარიზში ათასობით ადამიანი თანამოქალაქეებს მოუწოდებს არ დაუშვან ულტრამემარჯვენეების გამარჯვება. დემონსტრაციებს საფრანგეთის პროფკავშირებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიები და სტუდენტები უერთდებიან.
ხვალ, მეორე ტურის შედეგებით გაირკვევა, ეროვნულ ასამბლეაში 577 მანდატს რომელი პარტიები გაიყოფენ. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ ლე პენის და ბარდელას ნაციონალურ გაერთიანებას აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.
ეგზიტპოლების შედეგებით, ულტრამემარჯვენეები 240-მდე მანდატს, მემარცხენე კოალიციას 200, მაკრონის ცენტრისტულ ლიბერალურ დემოკრატიულ გაერთიანება კი 125-მდე მანდატს მიიღებს. საფრანგეთისთვის გადამწყვეტი არჩევნები დაძაბულობისა და სიძულვილის კამპანიის ფონზე მიმდინარეობს.
არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 1 კვირის წინ გაიმართა. ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა 33 პროცენტიანი მხარდაჭერა მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი არ არის. პრემიერობის კანდიდატი, დედით იტალიელი და მამით ალჟირელი ჟორდან ბარდელა ამბობს, რომ ქვეყანა მისი მმართველობის პირობებში უფრო ეროვნული გახდება. ულტრამემარჯვენეების მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ თუ "ნაციონალური გაერთიანება" უმრავლესობას მოიპოვებს, საფრანგეთში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს საფრთხე შეექმნება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე