რა ზომებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოში მიღებული კანონის პასუხად - ამ წუთებში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება, რომლის ხელმძღვანელმაც მედიასთან დეტალებზე საუბარი საღამოსთვის დააანონსა.
დღეს არ არის გადაწყვეტილებების დღე, ევროკავშირის საგარეო მინისტრები საკუთარ მოსაზრებებს გაცვლიან დოკუმენტზე, რომელსაც საბჭოს ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი წარადგენს.
თავის მხრივ, ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის კარი დაიხურება, თუ მთავრობა ამ გზით ივლის. ლუქსემბურგში მიმდინარე საბჭოს პარალელურად, პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებაში საკითხები უფრო საღად იქნება განხილული ვიდრე აქამდე იყო.
"საქართველოს განაცხადი და ევროკავშირისკენ კურსი, ერთდღიანი გადაწყვეტილება არ არის და ეს არის მრავალი წლის, ქართველი ხალხის ნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ძალიან მყარი ნება საქართველოს ხელისუფლების, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იაროს. კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხელს არ აძლევს საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ერთადერთი, ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს, ეს არის რუსეთი.
მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრად უფრო საღად იქნება განხილული საქართველოსთან მიმართებაში საკითხები, ვიდრე ჩვენ აქამდე გვესმოდა, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა ინტერპრეტაციებით. მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს საკითხი განიხილება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ობიექტური შეფასებების სივრცე იყოს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.