დეზინფორმაცია ნამდვილად არის საფრთხე დემოკრატიისთვის - განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა გააკეთა. რობინ დანიგანმა ილიას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს შტატები რევოლუციის წახალისებას ცდილობს და ბოროტი ზრახვები აქვს, რაც ელჩის თქმით, გულდასაწყვეტია.
"დეზინფორმაცია ნამდვილად არის საფრთხე დემოკრატიისთვის, ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ევროპაში და შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ დეზინფორმაციას საქართველოშიც აქტიურად ვაწყდებით. დეზინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. გვესმის თითქოს ევროკავშირის წევრობა საკუთარი იდენტობის დათმობას ნიშნავს. ეს სრულიად ტყუილია. დეზინფორმაცია გვესმის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია, რომ ჩვენ ვცდილობთ რევოლუციის მოწყობას ამ ქვეყანაში. ძალიან გულსატკენია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია აქ 32 წელს ითვლის, ჩვენ გვაქვს ხალხებს შორის ძალიან ძლიერი კავშირები. ღრმა მეგობრობა ამერიკელებსა და ქართველ ხალხს შორის. 32 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ. გულსატკენია და იმედის გამაცრუებელია, რომ ამ ნარატივით მცდარი სურათი შექმნეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.